უთხარი არა დეპრესიას!

depresia

ცხოვრება სირთულეებით არის სავსე და როცა “დეპრესია გადაწყვეტს” რომელიმე სირთულე თქვენთან სტუმრობის მიზეზად გაიხადოს, არ დანებდეთ! არ დაჯდე სახლში,არ ჩაიცვა საშინო ხალათი და არ იარო თმაგაწეწილმა, არ ჭამო ნერვიულობის ნიადაგზე, არ დაიწყო თვითშეცოდება, არ ჩაიკეტო საკუთარ თავში, თუ ვერავის ეუბნები დაწერე რასაც გრძნობ(“გამოუშვი ორთქლი”) და რაც მთავარია ყოველდღე უთხარი შენს თავს, რომ სუსტი სქესიც შეიძლება იყოს ძლიერი!გაიხსენე ერთი ცნობილი რეკლამის ფრაზა : “შემოგიტიეს მიკრობებმა? შეუტიეთ თქვენც!”:)უთხარით არა დეპრესიას!!!

სანამ დეპრესიას ბრძოლას გამოვუცხადებდეთ, მოდით,  მცირე ექსკურსი გავიაროთ, რადგან მტერი რომლის სტრატეგიაც კარგად იცი ადვილი დასამარცხებელია. მაშ ასე, ერთად ამოვიცნოთ დეპრესია!

განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქცია ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების, საპასუხოდ.დეპრესია ქრონიკული დაავადებაა (ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი),ეს არის ფსიქიკური აშლილობა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა.  ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. დეპრესია არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც — დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია.

ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადდებიან დეპრესიით, თუმცა ნაწილობრივ ეს შესაძლოა იმიტომაც ჩანდეს ასე, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ადვილად გამოხატავენ გრძნობებს და ხშირად მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის. ასეა თუ ისე, საზოგადოებაში დეპრესია სუსტი სქესისთვის დამახასიათებლად არის მიჩნეული.
დეპრესიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
. გუნება-განწყობილების დაქვეითება;
. საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;
. დანაშაულის, უიმედობისა და უვარგისობის განცდა;
. ფიქრები თვითმკვლელობაზე ან სიკვდილზე;
. ძილის დარღვევა (უძილობა ან მოჭარბებული ძილიანობა);
. მადისა და წონის ცვლილებები (მადის დაქვეითება ან გაძლიერება, წონის კლება ან მატება);
. კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
. ენერგიის გამოლევა და დაღლილობა.

მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გენი, რომელსაც შესაძლოა მიუძღოდეს ბრალი დეპრესიის განვითარებაში. ბუნებრივია, დეპრესიის აღმოცენებას ხელს უწყობს ძლიერი ცხოვრებისეული სტრესიც: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, მშობიარობა, თინეიჯერული ასაკი(ბრძოლა საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად), უკურნებელი დაავადების დიაგნოზი და სხვა. ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი  პერმანენტულ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინში, რაც მომავალში პირს დეპრესიისადმი განაწყობს. ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ასევე მეგობრების სიმცირე,დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი და სხვა. დეპრესიის გამო ზოგიერთი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიმართავს. ხდება პირიქითაც — ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო ხშირად აღმოცენდება დეპრესია.

shem-depresiaდეპრესიას მრავალი სახე აქვს და მისი ხანგრძლივობაც მისი ტიპიდან გამომდინარეობს. არსებობს სეზონური დეპრესია, რომელიც სეზონების ცვლილებასთან ერთად იჩენს თავს. დისთიმია დეპრესიის მსუბუქი ფორმაა,  ქრონიკული მდგომარეობაა. დისთიმიის დროს სიმპტომები  მკაფიოდ არ არის გამოხატული, თუმცა ორი წელი მაინც გრძელდება, ხშირად — უფრო მეტხანსაც.ატიპურ დეპრესიას  ნაცვლად უმადობისა და უძილობისა, ახასიათებს მადის გაძლიერება, წონის მატება და გადაჭარბებული ძილიანობა. დამახასიათებელია სიმძიმის შეგრძნება ხელ-ფეხში. ასეთი პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კრიტიკის, წარუმატებლობებისა და უარყოფის მიმართ. იმავდროულად მათი ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, უჭირთ ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნება. უარყოფისა და წარუმატებლობის შიშის გამო შესაძლოა ამა თუ იმ ურთიერთობაზე უარიც კი თქვან. დროდადრო, კარგი ამბების გაგების ან მეგობრებთან ყოფნის დროს, დეპრესიული განწყობა ქრება, მაგრამ გავა ხანი და დეპრესიის სიმპტომები ხელახლა იჩენს თავს. დიდი დეპრესიის დროს სიმპტომები ყოველდღიური და მძიმეა . ისინი იმდენად აშკარაა, რომ ამჩნევენ სამსახურში, სკოლაში, გარეშე ადამიანებთან ურთიერთობისას… სიმპტომები ორი კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ დიაგნოზი დაისვას, ხოლო თუ მკურნალობის გარეშე დავტოვეთ, ეს მდგომარეობა 6 თვეს და მეტხანსაც გასტანს. ზოგიერთ ადამიანს დეპრესიის მხოლოდ ერთი ეპიზოდი აქვს, მაგრამ დიდი დეპრესია, ჩვეულებრივ, განმეორებადი დაავადებაა.ბიპოლარული აშლილობა_ მას მანიაკურ-დეპრესიულ აშლილობასაც უწოდებენ. დაავადებისთვის დამახასიათებელია დეპრესიისა და მანიის ეპიზოდების მონაცვლეობა. თუ დეპრესიის დროს ადამიანი დათრგუნულია, უიმედო, კარგავს სიხარულის განცდის უნარს და ცხოვრებისადმი ინტერესს, მანიაკური ეპიზოდის დროს თავს იჩენს ეიფორია, ენერგიის მოზღვავება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი, სწრაფი საუბარი, აჟიტირებული და აგრესიული მოქმედება. ამ დროს ადამიანის აზროვნების უნარი არასრულფასოვანია, კონცენტრაცია — დაქვეითებული.
დეპრესიისა და მანიაკური ეპიზოდის მონაცვლეობა შეიძლება იყოს როგორც იშვიათი (წელიწადში რამდენიმე), ასევე ძალიან ხშირი (დღეში რამდენიმე). დამახასიათებელია ეპიზოდების სეზონური მონაცვლეობაც.

თუ პოსტის კითხვისას აღმოაჩინეთ რომ დეპრესია არც თქვენთვის არის უცხო ხელები არ ჩამოუშვათ, მოქმედების დროა!

 ეძებეთ მიზეზები, რათა გაუმკლავდეთ შედეგებს! საკუთარი პრობლემების განხილვით, დეპრესიული მდგომარეობის მიზეზების გაცნობიერებით უფრო ადვილად იპოვით გამოსავალს მდგომარეობიდან. ისწავლეთ გამკლავება უარყოფით ემოციებთან და ფიქრებთან. კარგად დაიმახსოვრეთ რომ თუ თავად არ მოინდომებთ, არანაირი ანტიდეპრესანტები და ფსიქოთერაპია არ გიშველით.

ივარჯიშეთ! ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ისეირნეთ, ირბინეთ, იცურავეთ. შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მათ მიერ მოგვრილი შვება დროებითი და მაცდურია. სინამდვილეში კი ალკოჰოლი და ნარკოტიკები ადამიანს დეპრესიაში უფრო ღრმად ითრევს.
მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სრულფასოვანი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიის სიმპტომების უკუგანვითარებისთვის. თუ ცუდად გძინავთ, აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს.
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ნუ დაიგროვებთ გულში უარყოფით ემოციებს. მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ ახლო მეგობარს. მოიწვიეთ მეგობრები შინ ან თავად ესტუმრეთ მათ. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები. შესაძლოა, საამისო განწყობილება არ გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, საზოგადოებისგან არ გაირიყოთ. შეინარჩუნეთ ურთიერთობები თუნდაც მცირედი ძალდატანების ფასად.
მიეცით თავს მცირედი ფუფუნების უფლება: გაატარეთ თავისუფალი დრო ბუნების წიაღში, უყურეთ მხიარულ ფილმებს, დიდხანს ინებივრეთ აბაზანაში, მოუსმინეთ მუსიკას, წერეთ დღიური (თუ ეს თქვენთვის მისაღებია), გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, რომლისთვისაც ვერ იცლიდით ბოლო ხანს.
მიიღეთ სრულფასოვანი საკვები…

bolo

P.S. გისურვებთ წარმატებას დეპრესიასთან ბრძოლაში!

%d bloggers like this: